რა არის ISO 9001?

ISO 9001 არის ხარისხის მენეჯმენტის გლობალურად აღიარებული სტანდარტი. იგი ეხმარება ყველა ზომისა და სექტორში მოქმედ ორგანიზაციას, გააუმჯობესოს საკუთარი საქმიანობა, დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოლოდინები და აჩვენოს მზაობა ხარისხის მიმართ. მისი მოთხოვნები განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს, დაინერგოს, შენარჩუნდეს და მუდმივად გაუმჯობესდეს ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS). ისო 9001-ის დანერგვა ნიშნავს, რომ თქვენს ორგანიზაციაში დამკვიდრებულია ეფექტიანი პროცესები და გადამზადებულია პერსონალი, რათა უზრუნველყოფილ იყოს პროდუქციის ან მომსახურების უწყვეტი მიწოდება.
რატომ არის ISO 9001 მნიშვნელოვანი?
იმის გათვალისწინებით, რომ 189 ქვეყნის ორგანიზაციებზე ისო 9001-ის მილიონზე მეტი სერთიფიკატია გაცემული, ის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტია . ისო 9001 ერთადერთი სტანდარტია ისო 9000 სტანდარტების ჯგუფში, რომელიც განსაზღვრავს ხარისხის მენეჯმენტის შვიდ პრინციპს (მათ შორის ძლიერ ორიენტაციას მომხმარებელსა და მუდმივ გაუმჯობესებაზე) და რომლის მიხედვითაც შესაძლებელია სერტიფიკატის მიღება (მიუხედავად იმისა, რომ სერტიფიცირება სავალდებულო არ არის).
ISO 9001-ის სარგებელი ბიზნესისთვის:
- მომხმარებელთა ნდობა: სტანდარტი უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციებს ჰქონდეთ ხარისხის კონტროლის მყარი პროცესები, რაც ზრდის მომხმარებელთა ნდობასა და კმაყოფილებას.
- საჩივრების ეფექტიანი გადაჭრა: ისო 9001 გთავაზობთ სახელმძღვანელო პრინციპებს მომხმარებელთა საჩივრების ეფექტიანად მოსაგვარებლად, რაც ხელს უწყობს პრობლემების დროულ და დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტას.
- პროცესების გაუმჯობესება: სტანდარტი ხელს უწყობს არაეფექტიანობის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას, დანაკარგების შემცირებას, ოპერაციების გამარტივებას და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც იწვევს ხარჯების დაზოგვას და უკეთეს ბიზნეს შედეგებს.
- მუდმივი ოპტიმიზაცია: რეგულარული აუდიტები და მიმოხილვები, რომლებსაც ისო 9001 ასტიმულირებს, ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს მუდმივად დახვეწონ ხარისხის მენეჯმენტის სისტემები, შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა და მიაღწიონ წარმატებას გრძელვადიან პერიოდში.
რა არის ისო 9001:2026?
მსოფლიოს წამყვანი ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტის მეექვსე მიმდინარე გამოცემა ეფუძნება იმ ჩარჩოს, რომელსაც ენდობა მილიონზე მეტი ორგანიზაცია. მას აქვს მიზნობრივი განახლებები, რომლებიც აუმჯობესებენ გამოყენებადობას და უზრუნველყოფენ მის მუდმივ აქტუალურობას სწრაფად განვითარებად ციფრულ გარემოში.
2026 წლის 16 სექტემბრის გამოცემა ფოკუსირებულია სიცხადის/გამჭვირვალობის გაუმჯობესებაზე, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს სტანდარტის მოთხოვნების უკეთ გააზრებაში. იგი ხაზს უსვამს ხარისხის კულტურასა და ლიდერობის მნიშვნელობას, ერთმანეთისგან ყოფს რისკებსა და შესაძლებლობებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ორგანიზაციებმა პროაქტიულად იმოქმედონ სასარგებლო შედეგების მისაღწევად. ისო-ს მენეჯმენტის სხვა სისტემურ სტანდარტებთან უკეთესი თავსებადობის წყალობით ახლა უფრო მარტივია, ვიდრე ოდესმე, ისო 9001-ის ინტეგრირება ორგანიზაციაშიარსებულ მენეჯმენტის სისტემებთან.
რატომ შემუშავდა ისო 9001-ის ეს ახალი გამოცემა?
ისო 9001-ის მეხუთე გამოცემა გამოქვეყნდა 2015 წელს. სტანდარტების აქტუალობის შესანარჩუნებლად, ისო ატარებს პერიოდულ მიმოხილვებს. 2023 წელს გამართული გლობალური კონსულტაციის შემდეგ, მიღწეული იქნა კონსენსუსი, რომ სტანდარტის გადახედვა გაზრდის მის ღირებულებას და უზრუნველყოფს მომხმარებლებისა და მათი საზოგადოებების მუდმივად განვითარებადი საჭიროებების დაკმაყოფილებას.
რას ნიშნავს 2026 წლის ახალი გამოცემა ისო 9001:2015-ით სერტიფიცირებული ორგანიზაციებისთვის?
ახალი გამოცემა იძლევა შესაძლებლობას, გადაიხედოს და დაიხვეწოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, რაც უზრუნველყოფს მის შესაბამისობას განახლებულ მოთხოვნებსა და დაინტერესებული მხარეების მოლოდინებთან.
სერტიფიცირებულმა ორგანიზაციებმა ახალ ვერსიაზე გადასვლა უნდა განახორციელონ მათი სერტიფიკაციის ციკლით დადგენილ ვადებში. დამატებითი ინფორმაციისთვის მათ უნდა მიმართონ საკუთარ სერტიფიკაციის ორგანოს.
