ევროკავშირის პროექტის დასკვნითი კონფერენცია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით  8 ივნისს ,,ექსპო ჯორჯიაში“ ევროკავშირის პროექტის ,,საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირთან სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის კუთხით თანამშრომლობისა და მიღწეული შედეგების შესახებ იმსჯელეს.  

კონფერენციაზე ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს განხორციელებული რეფორმების და მიღწეული შედეგების პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას 80-მდე ბიზნეს და სამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.

კონფერენციის  მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს  სტანდარტებისა და მეტროლოგიის გენერალური დირექტორმა დავით ტყემალაძემ,  ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი  და საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. „ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი რეფორმა გავატარეთ. მათ შორის მინდა გამოვყო პროექტი, რომლითაც ევროკავშირი დაგვეხმარა. ეს მნიშვნელოვანია  ზოგადად ქვეყანაში მეტროლოგიისა და  სტანდარტიზაციის ინსტიტუტის   გასავითარებლად -  მოხდება ლაბორატორიების გადაიარაღება საქართველოში თანამედროვე სერვისების დასანერგად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო  ევროკავშირს ბოლო სამი წლის განმავლობაში  გაწეული დახმარებისა და კონკრეტულად ამ პროექტისთვის“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.  

სტანდარტებისა და მეტროლოგიის გენერალური დირექტორის დავით ტყემალაძის  ინფორმაციით, ევროკავშირის აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზანი სტანდარტიზაციასა და მეტროლოგიაში ისეთი სფეროების განვითარება იყო, რომელებიც საქართველოში დღემდე არ  იყო ხელმისაწვდომი. ამიტომ, ადგილობრივ მეწარმეებს, დაინტერესებულ პირებს  საზღვარგარეთ უხდებოდათ ამ სერვისების შეძენა,   ამისთვის კი უფრო დიდი რესურსი იხარჯებოდა. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მოხდა ძირეული გარდაქმნა, განვითარდა თანამედროვე მიმართულებები, გადახალისდა მეტროლოგიის ლაბორატორიები ახალი აღჭურვილობით და მეტროლოგიური ხელსაწყოებით, ასევე მომზადდა ევროპული პრაქტიკის შესაბამისი  ელექტრონული სისტემები, რაც შემდგომში  დაინტერესებულ პირებს  სერვისების სახით მიეწოდებათ.

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს და AECOM კონსორციუმის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB comprehensive Institutional Building) ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა: სააგენტოს რენოვაციის, დამხმარე ინფრასტრუქტურის სრული განახლება და სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის ეტალონური ბაზის რეაბილიტაცია შემდეგი მიმართულებებით: გეომეტრიული გაზომვები; წნევა და ძალა; ტემპერატურა და ტენიანობის გაზომვები; დიდი მასები და მცირე მოცულობები; რადიოფიზიკა; დრო და სიხშირე; ოპტიკა და აკუსტიკა; ფიზიკო-ქიმიური გაზომვები; ვიბრაცია, ნივთიერებათა ხარჯი და რადიაციული გაზომვები. დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე  გააცნეს სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო აღიარების მქონე ლაბორატორიების მომსახურებები და სამომავლო გეგმები სააგენტოს არსებული სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით.

კონფერენციის დასასრულს დელეგატებმა სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში საქართველოს პროგრესზე  იმსჯელეს.


 


<< უკან დაბრუნება
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved