საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ -საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაიმართა „ღია კარის დღე“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სააგენტოს საქმიანობისა და სერვისების გაცნობას ბიზნესის, აკადემიური და სამეცნიერო წრეების, მარეგულირებელი ორგანოებისა და ლაბორატორიების წარმომადგენლებისთვის. სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს გაუზიარეს თეორიული და პრაქტიკული ინფორმაცია სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი ფიზიკურ-ქიმიური გაზომვების ეტალონურ ლაბორატორიაში, სადაც განხორციელდა გაზომვების პრაქტიკული დემონსტრაცია. ასევე გაიმართა თეორიული და პრაქტიკული სემინარი, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების პროფესიული ცნობიერების ამაღლებასა და მათი ჩართულობის მხარდაჭერას.

სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობით სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტების თავმჯდომარეებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტანდარტების დეპარტამენტში.
მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისოდ აღიარებულ ლაბორატორიებში მოეწყო ლაბორატორიული ტურები ტემპერატურისა და ტენიანობის, ელექტრობის, წნევის, მასისა და მასასთან დაკავშირებული სიდიდეების გაზომვების მიმართულებებით.

ღონისძიებას დაესწრო დაახლოებით 50 მოწვეული სტუმარი. „ღია კარის დღის“ ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა წარმოაჩინა ეროვნული სააგენტოს სისტემური მიდგომა ხარისხის ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიმართულებით, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორს შორის კომუნიკაციის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.

ღონისძიება ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ დაფინანსებული PTB-ისა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პროექტის „ხარისხის კვირეულის“ ფარგლებში.

