სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი „ევროკოდები“ შეიქმნა
2025 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში (GEOSTM) გაიმართა საინიციატივო სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სტანდარტიზაციის ახალი ტექნიკური კომიტეტის – „ევროკოდები“ – ჩამოყალიბების შესახებ.

სხდომას ესწრებოდნენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. სხდომა გახსნა სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორმა სულხან ტაბაღუამ, რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია სტანდარტების შემუშავებისა და მიღების პროცესებზე და ტექნიკური კომიტეტების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტიდან (ტკ 5) „მშენებლობა და მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტები“ ევროკოდების გამოყოფა და ცალკე კომიტეტის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს შესაბამისი სტანდარტების პროექტების განხილვის პროცედურების გამარტივებასა და ეფექტიანობის გაზრდას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე განხორციელდა ცვლილება „საქართველოს სტანდარტების პროგრამაში“ (იხილეთ sst.geostm.gov.ge), რომლის მიხედვით „ევროკოდების“ კომიტეტის საქმიანობის სფეროდ განისაზღვრა „ევროკოდებისა“ და შესაბამისი დანართების პროექტები განხილვისა და სააგენტოსთვის შემდგომი პროცედურებისათვის წარდგენის უფლებამოსილება.
