2021 წლის 29 სექტემბერს საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ, რომელიც ბაქოში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხელი მოაწერეს კომისიის მე-8 სხდომის ოქმს.
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და ვაჭრობაში ბარიერების თავიდან აცილების მიზნით აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან გაფორმებული იქნა შეთანხმება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ”.
შეთანხმების თანახმად, მხარეები:
ურთიერთაღიარებენ სტანდარტიზაციის, გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის და შესაბამისობის შეფასების მოქმედ ეროვნულ სისტემებს
ურთიერთაღიარებენ გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების და დამოწმების შედეგებს, სერტიფიკაციის ორგანოებს, საგამოცდო ლაბორატორიებს (ცენტრებს), ურთიერთმიწოდებულ პროდუქციაზე მათ მიერ გაცემულ სერტიფიკატებს და გამოცდის შედეგებს შეთანხმებული წესით და სხვა;
უზრუნველყოფენ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და შესაბამისობის შეფასების სფეროში მხარეთა კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის გაცვლას და საცნობარო დოკუმენტაციის ურთიერთმიწოდებას.